ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, 26 აპრილს სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ არანაირი საიდუმლო მოძრაობა არ ყოფილა და არცერთ მოქალაქესთან არავითარი კონტაქტი არ შემდგარა.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გავრცელებულ ინფორმაციას გამიზნულსა და უპასუხისმგებლო დეზინფორმაციას უწოდებს. ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტი თბილისში მდებარე ლუგარის ლაბორატორიას "სამხრეთ ოსეთის" მოქალაქეებისთვის "ბიოლოგიური მასალის აღებაში" ადანაშაულებს, რაც მათივე განცხადებით, "სამხრეთ ოსეთის გენოციდის გაგრძელებას ემსახურება".
როგორც ე.წ. კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამი, "ქართულ-ოსურ საზღვართან" ქართული სამედიცინო კლინიკის მანქანა დააფიქსირეს, იგივე კლინიკის ავტომობილი კი მოგვიანებით "საზღვრის" სხვა მონაკვეთზეც გამოჩნდა. მათივე თქმით, ორივე შემთხვევაში "ქართველი ექიმების ფარულ გადაადგილებას" უზრუნველყოფდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ეკიპაჟები.