ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადების მიხედვით, 24 ოქტომბერს ევროკავშირის მისიის შეუიარაღებელი პატრული ზემოხსენებულ ტერიტორიაზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების შეიარაღებულმა წარმომადგენლებმა მცირე ხნით დააკავეს. ამ მოვლენების შემდეგ მალევე ცხინვალისგან ცხელი ხაზი გააქტიურდა.
"მისია ამ დროისთვის ჯერ კიდევ სწავლობს ინციდენტის დეტალებს, რომელიც განვითარდა ტერიტორიაზე, რომელიც მიიჩნევა თბილისის მიერ ადმინისტრირებად ტერიტორიად, ადმინისტრაციული საზღვრის ტრადიციული ინტერპრეტაციის შესაბამისად", - აღნიშნულია განცხადებაში.
სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს, რომ ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ, მისიამ მნიშვნელოვნად გაზარდა პატრულირება ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე სტაბილურობის მხარდასაჭერად.