ევროკავშირის საბჭომ მეზობლობისა და გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში, 10 ქვეყნისთვის საგანგებო მაკროფინანსური დახმარების პაკეტი დაამტკიცა. 20 მაისს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საკრედიტო პაკეტის მოცულობა სამ მილიარდ ევროს შეადგენს. დახმარება უკავშირდება კოვიდ-19-ით გამოწვეულ პანდემიას.
აღნიშნული კრედიტიდან ყველაზე დიდი მოცულობის თანხას - მილიარდ 200 მილიონმ ევროს უკრაინა მიიღებს, მეორე ადგილზე ტუნისია - 600 მილიონით. დახმარება გამოეყო "აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის ორ ქვეყანას - საქართველოს, რომელიც 150 მილიონ ევროს მიიღებს და მოლდოვას, რომლისთვისაც 100 მილიონი ევროა გათვალისწინებული. ამ პაკეტიდან თანხას მიიღებენ დასავლეთ ბალკანების ქვეყნები სერბეთის გარდა.
ბრიუსელს მაკროსაფინანსო დახმარებისთვის მინსკმაც მიმართა. ევროკომისიაში განაცხადეს, რომ მზად არიან მინსკისთვის თანხის გამოსაყოფად, თუმცა, ელოდებიან ბელორუსსა და მსოფლიო სავალუტო ფონდს შორის შეთანხმებას.