ევროკავშირის მიერ საქართველოს ფინანსური დახმარების საკვანძო კომპონენტი დაკავშირებულია მის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებასთან, - ამის შესახებ განცხადებას ევრონესტის საპარლამენტო ანსამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსი ავრცელებს.
კუბილიუსის განმარტებით, ვალდებულებების შესრულება მათ შორის კანონის უზენაესობის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას უკავშირდება. "ბიუჯეტის დახმარების ხარჯების ნაწილი დაკავშირებული იქნება განსაკუთრებულ პირობებთან საქართველოსთვის, კონკრეტულად მიმდინარე რეფორმების დანერგვასთან კანონის უზენაესობის, სასამართლო სისტემისა და საარჩევნო რეფორმის მიმართულებით", - ნათქვამია ანდრიუს კუბილიუსის განცხადებაში.
ის 8 მარტის შეთანხმებაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ნდობის გამყარება იმ ვალდებულებებისა და დანაპირების შესრულების პროცესში პროგრესის მიღწევის გზით შეიძლება, რომელსაც 2020 წლის 8 მარტს საქართველოში მოქმედმა ძირითადმა პოლიტიკურმა პარტიებმა მიაღწიეს.