ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ორივე პალატამ უკვე დაუჭირა მხარი, ხოლო გუშინ მას დედოფალმა ელისაბედ მეორემაც მოაწერა ხელი. სავარაუდოდ ოთხშაბათს შეთანხმებას ევროპარლამენტშიც უყრიან კენჭს.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ განაცხადა, რომ ბრექსითის გარშემო არსებულმა კრიზისმა ევროკავშირზე შესაძლოა სასარგებლო გავლენა იქონიოს.
„ბრექსითმა რეალურად ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აჩვენა, თუ რამდენად რთულია ბლოკის დატოვება და რამდენი შეთანხმებაა საჭირო ამ პროცესისთვის. ასე, რომ შეიძლება დარჩენა სჯობდეს“ - განაცხადა ჰაავისტომ.
შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის პრემიერის, ბორის ჯონსონის პირობის თანახმად, ქვეყანა ევროკავშირი 31 იანვრამდე დატოვებს. ბრექსითის შესახებ რეფერენდუმი 2016 წელს ჩატარდა, მას შემდეგ კი ეს საკითხი ჩიხში იყო შესული.