ევროკავშირის ლიდერებმა და ემანულ მაკრონმა დიდ ბრიტანეთს „ბრექსითის“ შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდეს. „დიდი შვიდეულის“ ფარგლებში, ბრიტანეთის პრემიერმა პირისპირ შეხვედრები გამართა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლეიენთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მშელთან, ასევე საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან. ევროკავშირმა ბრიტანეთს შეახსენა, რომ ბრექსითის შეთანხმების ფარგლებში ჩრდილოეთ ირლანდიაში სიმშვიდე მთავარი პრიორიტეტია. „ირლანდიის კუნძულზე მშვიდობას უპირველესი მნიშვნელობა აქვს. ორივე მხარემ უნდა განახორციელოს ის, რაზეც შევთანხმდით. ამაზე ევროკავშირში სრული თანხმობაა“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლეიენმა შეხვედრის შემდეგ. მედია საშუალებები ასევე იუწყებიან, რომ ბორის ჯონსონთან შეხვედრისას ემანულ მაკრონმა მას ასევე მოუწოდა „ბრექსითის“ შეთანხმების პატივისცემისკენ, იმ ფონზე როცა ევროკავშირი და ბრიტანეთი ჩრდილოეთ ირლანდიაში ვაჭრობის წესებზე ვერ თანხმდებიან. მაკრონმა ბორის ჯონსონს განუცხადა, რომ საჭიროა საფრანგეთ-ბრიტანეთის ურთიერთობების გადატვირთვა და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუკი ის „ბრექსითის“ შეთანხმების ერთგული დარჩება.