ევროპის საბჭოს თავმჯდომარემ შარლ მიშელმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის ბიუჯეტისთვის კომპრომისული წინადადებების პაკეტი წარმოადგინა, რომელიც მომდევნო შვიდ წელიწადზეა გათვლილი. ეკონომიკის აღდგენის გეგმა ითვალისწინებს 500 მილიარდ ევროს გრანტების სახით და 250 მილიარდ ევროს კრედიტების სახით. მის მიერ წარმოდგენილი ევროკავშირის ბიუჯეტი 2021-2027 წლებზეა გათვლილი, ჯამში, ტრილიონ 74 მილიარდ ევროზეა საუბარი.
ევროკომისიამ წარმოადგინა ევროკავშირის იმ ქვეყნების დახმარების გეგმა, რომლებმაც კორონავირუსის პანდემიით ყველაზე მეტად იზარალეს. ახალი გეგმა იმაზე მასშტაბურია, ვიდრე აქამდე წარმოდგენილი პროექტები. ის ამავდროულად ითვალისწინებს სუბსიდიების გამოყოფას პანდემიით დაზარალებული ქვეყნებისთვის.
ევროკავშირის ქვეყნებს შორის, ყველაზე მეტ დახმარებას იტალია მიიღებს, რომლისთვისაც 81 მილიარდ 800 მილიონი ევროს ღირებულების პაკეტია გათვალსიწინებული. შემდეგ მოდის ესპანეთი - 77 მილიარდ 300 მილიონი ევროთი, საფრანგეთი - 39 მილიარდის და საბერძნეთი - 22 მილიარდ 500 მილიონი ევროთი.