ევროკავშირი იტოვებს უფლებას მიიღოს შესაბამისი ზომები რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების საპასუხოდ - ამის შესახებ საუბარია ევროპარლამენტის, ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებაში რუსეთის მიერ 8 პირისთვის დაწესებული სანქციების შესახებ. „ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც მან რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა ევროკავშირის 8 მოქალაქეს. ეს ქმედება მიუღებელია და მოკლებულია რაიმე იურიდიულ საფუძველს. ის მიმართულია მთლიანად ევროკავშირის წინააღმდეგ და არ ეხება მხოლოდ ცალკეულ პირებს. ეს გადაწყვეტილება ბოლო, ცხადი დემონსტრირებაა იმისა, თუ როგორ აირჩია რუსეთის ფედერაციამ ევროკავშირთან დაპირისპირება იმის ნაცვლად, რომ შეთანხმდეს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების უარყოფითი ტრაექტორიის გამოსწორებაზე. ევროკავშირი იტოვებს უფლებას მიიღოს შესაბამისი ზომები რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების საპასუხოდ“, -აცხადებენ ევროპელი მაღალჩინოსნები.