ევროკავშირი მიმდინარე წელს Pfizer-სა და Moderna-სგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 350 მილიონ დამატებით დოზას მიიღებს, - ამ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კომპანიები Pfizer-ი და BioNTech-ი ბლოკს თავიანთი ვაქცინის დამატებით 200 მილიონ დოზას, მოთხოვნის შემთხვევაში კი, კიდევ 100 მილიონ დოზას მიაწვდიან. 200 მილიონი დოზიდან 75 მილიონი წევრ სახელმწიფოებში მიმდინარე წლის მეორე კვარტალში გაიგზავნება, დანარჩენი კი - წლის მეორე ნახევარში. ამასთან, კომპანია Moderna ევროკავშირს ვაქცინის 300 მილიონ დოზას მიაწვდის, რომლის ნახევრის მიწოდება მიმდინარე წელს, მეორე ნახევრის კი - 2022 წელს განხორციელდება. საერთო ჯამში, 2021 წლის ბოლომდე Pfizer-ი ევროკავშირს ვაქცინის 500 მილიონ დოზას, Moderna კი - 360 მილიონ დოზას მიაწვდის. ევროკავშირის მარეგულირებელი ორგანოს მიერ ჯერჯერობით სამი ვაქცინა : Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა, Moderna-ს ვაქცინა და AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინაა დამტკიცებული. „ევრონიუსის“ ცნობით, იმის გათვალისწინებით, რომ ვაქცინაციისთვის აღნიშნული ვაქცინების ორი დოზაა საჭირო, მიმდინარე წლის ბოლომდე 430 მილიონი ევროპელის აცრა გახდება შესაძლებელი.