ევროკავშირი მიიჩნევს, რომ აღმოსავლეთ იერუსალიმში არსებული სიტუაციის დასაწყნარებლად მხარეებმა თავშეკავება და პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ. „ძალადობა და წაქეზება მიუღებელია და დამნაშავეებმა ყველა მხრიდან პასუხი უნდა აგონ“, - ამის შესახებ ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. ევროკავშირი მოუწოდებს ხელისუფლებას, სასწრაფოდ იმოქმედოს იერუსალიმში დაძაბულობის განმუხტვის მიზნით. „ყველა მხრიდან პოლიტიკურმა და რელიგიურმა ლიდერებმა თავშეკავება და პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და ყველა ღონე იხმარონ ამ არასტაბილური ვითარების განსამუხტად,“- ნათქვამია განცხადებაში. ისრაელის პოლიციასა და პალესტინელებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად 200-მდე ადამიანი დაშავდა. დაპირისპირება ალ-აქსას მეჩეთთან და შეიხ ჯარაჰის რაიონში მოხდა. ისრაელის პოლიციის ინფორმაციით, პალესტინელებმა სამართალდამცავებს ბოთლები, ქვები და პიროტექნიკა დაუშინეს. პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენა.