ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მზარდ ტენდენციაში ბოლო დღეებია კლება ფიქსირდება. ქვეყანაში ბოლო დღე-ღამის მანძილზე ინფიცირების 4 273 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც თითქმის განახევრებულია პირველი აპრილის მონაცემთან შედარებით, რა დროსაც 24 საათში კორონავირუსით 8 000-ზე მეტი პაციენტი ინფიცირდა.
კლება აღინიშნება ასევე გარდაცვალების მაჩვენებელშიც. 2 აპრილს ესპანეთში ყველაზე მეტი 961 ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა მას შემდეგ სიკვდილიანობის დღიური მაჩვენებელი მუდმივად იკლებს და ბოლო დღე-ღამის მანძილზე ესპანეთში ვირუსით 637 პაციენტი დაიღუპა.
ცნობისთვის, ესპანეთში კორონავირუსის ჯამში 135 032 შემთხვევაა დაფიქსირდა. ვირუსით ქვეყანაში 13 055 ადამიანია გარდაცვლილი, ხოლო 40,437 პაციენტი განიკურნა. ვირუსის გავრცელებით ესპანეთი, აშშ-ის შემდეგ, მსოფლიოში მეორე ადგილზეა.