ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა იტალიის მთავრობის მიდგომა ზღვაში გაჩერებულ მიგრანტებთან დაკავშირებით მკაცრად დაგმო. როგორც მარგარიტა რობლესმა განაცხადა, იტალიის შს მინისტრი მატეო სალვინი ადამიანების სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს საკუთარი საარჩევნო მიზნების გამო.
"რასაც სალვინი აკეთებს სამაშველო გემ Open Arms-სთან დაკავშირებით, ეს არის სირცხვილი მთელი კაცობრიობისთვის", - განაცხადა ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა.
შეგახსენებთ, დაახლოებით სამი კვირაა ესპანური სამაშველო გემი იტალიის სანაპიროებთან იმყოფება, მის ბორტზე 100-მდე აფრიკელი მიგრანტია, მათ ხმელეთზე გადასვლის უფლებას არ აძლევენ. მხოლოდ 27 არასრულწლოვანს მისცა იტალიის მთავრობამ უფლება გემი დაეტოვებინა და სანაპიროზე გადასულიყო. გემის ეკიპაჟის ინფორმაციით, მიგრანტების მდგომარეობა მძიმეა.