საუდის არაბეთში ჩატარებულ ესპანეთის სუპერთასის მეორე ნახევარფინალში "ატლეტიკომ" "ბარსელონას" 3:2 მოუგო. შეხვედრის პირველ ტაიმში ბარსელონა სრულად დომინირებდა, რამდენიმე კარგი ეპიზოდიც ჰქონდა, თუმცა ყველა შემთხვევაში იან ობლაკი მოწოდების სიმაღლეზე იდგა. შესვენების შემდეგ კი შეცვლაზე შესულმა კოკემ ანხელ კორეას პასი მიიღო და ბურთზე პირველივე შეხებით ანგარიში გახსნა - მეორე ტაიმის მე-19 წამზე! თუმცა, მესიმ მალე გაიტანა საპასუხო გოლი. შეხვედრის 61-ე წუთზე ბარსამ დაწინაურება შეძლო, კარის წინ მარტო დარჩენილმა ანტუან გრიზმანმა თავის ყოფილ კლუბს თაური დარტყმით გაუტანა. უკანასკნელი ნახევარი საათი ცალსახად როხიბლანკოს აქტივში უნდა ჩაიწეროს. ბარსამ უკანასკნელ წუთებზე ატლეტიკოსგან 2 გოლი გაუშვა და საბოლოოდ 2-3 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ კატალონიელებს ვიდეორეფერიმ ორი მეტად საეჭვო გოლი გაუუქმა, ხოლო ატლეტიკოს პიკეზე საკმაოდ საკამათო პენალტი არ დაუდო. ამგვარად ატლეტიკომ მოიგო, 12 იანვარს ფინალში კი მადრიდული დერბი შედგება.