მამაკაცმა, რომელიც პარიზის ღვთისმშობლის ტაძართან თავს პოლიციელს დაესხა, განაცხადა, რომ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ხალიფატის ჯარისკაცია. ამის შესახებ ფრანგული პრესა იუწყება. საფრანგეთის შს მინისტრმა დაადასტურა, რომ თავდამსხმელს თან სამზარეულოს ორი დანა, ჩაქუჩი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ჰქონდა, რითიც გაირკვა, რომ თავდამსხმელი 40 წლის, ალჟირელი სტუდენტია, რომელიც საფრანგეთის ვალ-დუაზის პროვინციაში ცხოვრობს. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის ჟერარ კოლონის განცხადებით, პოლიციელზე თავდასხმის დროს დამნაშავე ყვიროდა - „ეს სირიისთვის“. ინციდენტის შედეგად, პარიზში პოლიციელი დაიჭრა. მომხდარის გამო, დაახლოებით 900 ადამიანი ტაძარში ბლოკირებული აღმოჩნდა.