საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღს მიუღებლად მიიჩნევენ არასამთავრობოებიც. „სამართლიანი არჩევნები“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. მათი თქმით, ცესკომ არ გაითვალისწინა არასამთავრობო ორგანიზაციების არაერთი მოწოდება და არჩევნების მეორე ტური სამუშაო დღეს, 28 ნოემბერს დანიშნა. მესამე სექტორში განმარტავენ რომ ცესკოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საარჩევნო ადმინისტრაციის დანიშნულებას, უზრუნველყოს სამართლიანი, თანასწორი და ყველასათვის ხელმისაწვდომი საარჩევნო გარემო. „თუმცა ამ შემთხვევაში ცესკო-მ, ჩვენი აზრით, ვერ გაართვა ამ ამოცანას თავი“, - ნათქვამია განცხადებაში. მესამე სექტორში ასევე ამბობენ რომ ამ რეგულაციის მიღებით ცესკო გასცდა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს და საქართველოს „საარჩევნო კოდექსი“ დაარღვია, ვინაიდან კოდექსით ცალსახად არის განსაზღვრული, რომ საარჩევნო უბნები იხურება 20.00 საათზე. არასამთავრობოების შეფასებით, საზღვრებს გარეთ საარჩევნო უბნებისთვის სამუშაო დროის გახანგრძლივების მიუხედავად, ხმის მიცემა უცხოეთში მყოფი მოქალაქეებს გაუჭირდებათ.