კანის სიმშრალე და დახეთქილი ქუსლები დღეს ძალიან ბევრი მანდილოსანის პრობლემაა. მათთვის, ვისაც აწუხებს დამსკდარი ქუსლების პრობლემა ცხადია, რომ გარდა ესთეთიკური დეფექტისა, თან ახლავს დამახასიათებელი ტკივილები. ძირითადად, ქუსლები მაშინ სკდება, როცა კანი მეტისმეტად შრება და ელასტიკურობას კარგავს. ნახეთქების გაჩენა შეიძლება გამოიწვიოს კანის არათანაბარმა გადაჭიმვამ - ზაფხულში ტენის გამო კანის ზედაპირული შრე იჭიმება, ხოლო ზამთარში სკდება. ქუსლები ხშირად აქვთ დახეთქილი იმ ადამიანებს, რომელთაც აწუხებთ კანის დაავადებები, ენდოკრინული დარღვევები. გარდა ამისა, ნახეთქები შეიძლება იყოს ავიტამინოზის, შაქრიანი დიაბეტისა და გასტრიტის ნიშანი. ცივ სეზონზე მაპროვოცირებელ ფაქტორად შეიძლება იქცეს სინთეტიკური წინდებისა და მოუხერხებელი ფეხსაცმლის ტარება, ხოლო საზაფხულო ღია ფეხსაცმელში ფეხები საერთოდ დაუცველი რჩება.პრობლემა რთულად მოსაგვარებელია, მაგრამ მისი მოგვარება მაინც შეიძლება. ამისთვის საჭიროა სამკურნალო პროცედურების რეგულარული ჩატარება და დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება. უწინარეს ყოვლისა, უნდა გავარკვიოთ, რამ გამოიწვია ქუსლების დახეთქვა, ამ კითხვით კი უმჯობესია დერმატოლოგს მივმართოთ, მსუბუქი ფორმების შემთხვევაში კი შეგიძლიათ თვითმკურნალობა სცადოთ.