ფსორიაზი ქრონიკული არაინფექციური ანთებითი დაავადებაა, რომელსაც რთული წარმოშობა აქვს: მის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს ნევროგენული, მემკვიდრეობითი, იმუნური, ნივთიერებათა ცვლასთან დაკავშირებული ფაქტორები. გარეგნულად ის მხოლოდ კანისმიერი სიმპტომებით ვლინდება, ამიტომ კანის დაავადებად მიაჩნიათ. სინამდვილეში ფსორიაზი სისტემური დაავადებაა, რომელიც კანთან ერთად ორგანიზმის მთელ სისტემებს აზიანებს.მკურნალობის სადღეისოდ არსებული ყველა მეთოდი აუმჯობესებს სიცოცხლის ხარისხს, მაგრამ არ კურნავს, თუმცა არსებობს ერთი საშუალება, რომელსაც შეუძლია, საგრძნობლად შეასუსტოს და გააქროს კიდეც დაავადების ნიშნები. ეს საშუალება ცხოვრების ჯანსაღი წესია. თავი არიდეთ ნერვულ გადაძაბვას, თავი დაანებეთ მოწევასა და სმას, ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, და, რაც მთავარია, არასოდეს დაკარგოთ გამოჯანმრთელების იმედი.