სამართლიანობის აღდგენა დასრულდა სრული კრახით და ამ კრახში წვლილი არ უნდა დავუკარგოთ თეა წულუკიანს, - ამის შესახებ ადვოკატმა, დამოუკიდებელმა ექსპერტმა კახა კოჟორიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.კახა კოჟორაძე იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ გაკეთებულ ბოლო განცხადებებს სირცხვილად აფასებს და ამბობს, რომ წულუკიანი მოსახლეობის მიმართ ანგარიშვალდებულებას ვერ გრძნობს.„ამ თემასთან დაკავშირებით ყველაფერი არის ერთი დიდი სირცხვილი. მინდა ვთქვა, რომ ეს ამბავი მაგონებს ერთ-ერთ ქართულ მულტფილმს , სადაც ჩიტი ამბობს: - მე რაღაცა მაქვსო და მეფეს აღარ აქვსო. ამ მულტფილმის სცენარი ახლა განხორციელდა. არასერიოზულია, როდესაც ჩვენ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებისგან ვისმენთ, რომ არის რაღაცა გარემოება, რომელსაც არ დაასახელებენ . იუსტიციის მინისტრმა , რომელმაც შვიდი წლის განმავლობაში შეინარჩუნა პოსტი, იყო უამრავი საკითხი და არ უთქვამს მე ახლა მივდივარ და ახლა ამბობს, ნიშნავს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება. არანაირ ანგარიშვალდებულებას ჩვენ ვერ ვხედავთ საზოგადეობის წინაშე. თუ რაღაცის თქმა არ გინდა, მაშინ არაფერი უნდა თქვა საერთოდ. დაელოდო თემის განხილვას, კონსულტაციებს და შემდეგ თქვა, რომ მე ამის გამო მივდივარ,“ - აცხადებს კოჟორიძე.კახა კოჟორაძის თქმით, წულუკიანი არ არის წარმატებული პოლიტიკოსი, რადგან მოსახლეობისთვის მიცემული მთავარი პირობა, რომელიც სამართლიანობის აღდგენას უკავშირდებოდა, სრული კრახით დასრულდა.„ჩემთვის ავტორიტეტული პოლიტიკოსი არ არის ის, ვინც რაღაც კულუარულ დაპირისპირებებში გაიმარჯვებს. ავტორიტეტული პოლიტიკოსი არის ის, ვინც სწორი მიმართულებით თავის ვალდებულებას შეასრულებს, რეფორმას გაატარებს და ა.შ. ხშირად ისმის ხოლმე, რომ წულუკიანი არის ძლიერი პოლიტიკოსი, მან შეინარჩუნა ამდენი წლის განმავლობაში თავისი პორტფელი... მე ვსვამ კითხვას: - რა არის პოლიტიკოსის სიძლიერის განმსაზღვრელი კრიტერიუმი?! რის მიხედვით ვაფასებთ? - თუ იმის, რომ პოლიტიკოსი ინარჩუნებს სკამს, მაშინ კი ბატონო, წულუკიანი არის ძლიერი მინისტრი. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი კრიტერიუმი არის რამდენად სწორად ატარებს რეფორმებს, მის სფეროში არსებულ დაპირებებს სწორად ახორციელებს, მაშინ ჩვენ უნდა ვთქვათ და ვაღიაროთ, რომ წულუკიანი არის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მინისტრი. ერთ-ერთი მთავარი დაპირება , რაც არსებობდა სამართლიანობის აღდგენა, ჩვენ დავინახეთ, რომ დაგვირგვინდა სრული კრახით, როდესაც უსამართლობის შემოქმედი მოსამართლეები ინიშნებიან უვადოდ და ამ კრახში წულუკიანს არ უნდა დავუკარგოთ თავისი წვლილი, თან საკმაოდ დიდი,“ -აცხადებს კახა კოჟორიძე.როგორც ცნობილია, თეა წულუკიანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ არსებობდა კონკრეტული საკითხი, რაზეც გუნდში აზრთა სხვადასხვაობა იყო, ამ კონტექსტში კი არ გამორიცხა, რომ თანამდებობა დაეტოვებინა. ხოლო გუშინ წულუკიანმა გააკეთა განცხადება, რომ თემა ამოწურულია და გუნდში მუშაობას განაგრძობს.