შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებსა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეებს საშუალება ექნებათ სააპელაციო განაცხადით მიმართონ ცენტრს 11 აგვისტოს 10:00 საათიდან 14 აგვისტოს 18:00 საათამდე. ცენტრის ინფორმაციით, სააპელაციო განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდზე: www.naec.ge.
თანხის გადახდის გარეშე სააპელაციო განაცხადის გაკეთება შეუძლებელია, რადგან ამ შემთხვევაში საგნის არჩევის საშუალებას სისტემა არ იძლევა. ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასურია 50 ლარი.
საფასურის გადახდა შეუძლია, როგორც აბიტურიენტს და სტუდენტს, ისე იმ პირს, რომელიც გადახდისას მიუთითებს გამოსაცდელის შესაბამის მონაცემებს. გადახდა ოპერატიულად აისახება სისტემაში.
გასაჩივრების მსურველს, რომელიც 14 აგვისტოს 18:00 საათამდე გააუქმებს სააპელაციო განაცხადს, თანხა დაუბრუნდება უკან. ასევე თანხა სრულად ბრუნდება გამოსაცდელის ანგარიშზე აპელაციის დროს ქულის ცვლილების (დაკლების ან მომატების) შემთხვევაშიც.