ერთა ლიგის ელიტის მე-4 ჯგუფში მეორე ტურის მატჩები გაიმართა. უელსის ნაკრები, რომელიც ახლახან მუნდიალზე გავიდა, ლუი ვან გაალის ნიდერლანდებს მასპინძლობდა. პირველი ტაიმის შემდეგ ნიდერლანდები ტიონ კოპმეინერსმა დააწინაურა - 0:1. მთავარი მოვლენები კი 90 წუთის ამოწურვის შემდეგ განვითარდა - მე-2 კომპენსირებულ წუთზე ნორინგტონ-დევისმა ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ბარნლის ფორვარდმა ვაუტ ვეგჰოსტმა ნიდერლანდებს მესამე კომპენსირებულ წუთზე მოაგებინა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში - 1:2 დააფიქსირა.
ბრიუსელში ბელგიის ნაკრები პოლონეთს დაუპირისპირდა. 28-ე წუთზე ანგარიში რობერტ ლევანდოვსკიმ გახსნა, ვინც მინოლეს დაბალ კუთხეში გაუტანა, თუმცა 15 წუთში აქსელ ვიტსელმა გათანაბრება შეძლო - 1:1. ბელგია 59-ე წუთზე ედენ აზარისა და დე ბრუინის კომბინაციით წინ გავიდა, კევინმა აუღებლად დაარტყა საჯარიმოს კუთხიდან. ამის შემდეგ ლეანდრო ტროსარდმა პოლონელთა კარში დუბლი შეასრულა, განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მეორე გოლი, როცა მახვილი კუთხიდან მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო. ბელგია არც ამის მერე გაჩერებულა და საბოლოოდ მეტოქე 6:1 გაანადგურა.
ნიდერლანდების ნაკრები ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს, ბელგიას და პოლონეთს 3-3 ქულა აქვთ, უელსი კი უქულოა. 11 ივნისს ნიდერლანდები პოლონეთს მასპინძლობს, ხოლო უელსი - ბელგიას.