ერთ თვეში საქართველოში საოჯახო გამოყენებაზე მორგებული მიკრომწვანილები გამოჩნდება. ამის შესახებ ქვეყანაში პირველი ვერტიკალური ფერმის „მიკროგრინი“ თანადამფუძნებელმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა. მისი თქმით, აქამდე პროდუქციას ძირითადად რესტორნები და სასტუმროები ყიდულობდნენ, თუმცა ახალი, განსხვავებული კონცეფციის შედეგად, მიკრომწვანილების გამოყენებას ნებისმიერი მსურველი შეძლებს.
ცნობისთვის, ვერტიკალური სათბური შპს „მიკროგრინი“ თბილისში 2017 წელს აშენდა. სათბური დაახლოებით, 200 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული, სადაც პროდუქციის მოყვანა სპეციალურ მრავალდონიან ვერტიკალურ თაროებზე განთავსებულ კონტეინერებში ხდება. სათბური აღჭურვილია ისეთი სისტემით, რომელიც მიკროკლიმატს ინარჩუნებს.
კომპანიამ საკუთარი პროდუქციის ბაზრისთვის მიწოდება 2017 წლის ზაფხულში დაიწყო ამ დროისთვის სათბურში 20-მდე დასახელების პროდუქტი იწარმოება, რომელთა შორისაა: ბოლოკი, წიწმატი, სალათის მიქსი, ბროკოლი, წითელი კომბოსტო, ჭარხალი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბარდა, მდოგვი, მზესუმზირა, ბაზილიკი, ნასტურცია, რუკოლა და აშ.