საქართველოს სარეზერვო აქტივები ოქტომბერშიც შემცირდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 31 ოქტომბრის მდგომარეობით რეზერვებმა 3 მილიარდ 386 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს კი 215 მილიონ 700 ათასი დოლარით ნაკლებია წინა თვესთან შედარებით.
უცხოური ვალუტის რეზერვები ერთ თვეში 218 მილიონ 400 ათასი დოლარით შემცირდა. სებ-ის სტატისტიკით, 31 ოქტომბრის მდგომარეობით სავალუტო რეზერვები 3 მილიარდ 187 მილიონი დოლარია.
რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, აქ მნიშვნელოვანი ზრდაა. კერძოდ, 2018 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, სავალუტო რეზერვების მოცულობა 2 მილიარდ 894 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც 293 მილიონ 100 ათასი დოლარით ნაკლებია ამჟამინდელ მონაცემთან შედარებით. 2019 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, სავალუტო რეზერვები 3 მილიარდ 187 მილიონ დოლარს შეადგენს.
ცნობისთვის, გაუფასურებული კურსის შედეგად ინფლაციაზე ზეწოლის გამო, სებ-მა ბოლო პერიოდში სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი დოლარი ორჯერ გამოიტანა, საიდანაც პირველად 32 მილიონი დოლარი, მეორედ 40 მილიონი დოლარი გაყიდა. პარალელურად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ერთბაშად 1 პუნქტით, 8,5%-მდე გაზარდა.