საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი ისევ იზრდება. 2020 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს საგარეო ვალმა 6 მილიარდ 991 მილიონი დოლარი, ანუ 22 მილიარდ 602 მილიონი ლარი შეადგინა. ეს კი 230 მილიონი დოლარით მეტია წინა თვესთან შედარებით. სექტემბრის მდგომარეობით, სახელმწიფო საგარეო ვალი 6 მილიარდ 761 მილიონ დოლარს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ 6 მილიარდ 991 მილიონი დოლარიდან, მთავრობის საგარეო ვალი 6 მილიარდ 737 მილიონ დოლარს, ხოლო ეროვნული ბანკის ვალი - 254 მილიონ 95 ათას დოლარს შეადგენს.
საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).
კერძოდ, IDA-ს მიმართ ვალი 909 მილიონ 480 ათასი დოლარია; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი მილიარდ 73 მილიონი დოლარია, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი - მილიარდ 415 მილიონ დოლარს აჭარბებს.