რუსეთში ახალი ავტომობილების მარაგი ილევა. რუსული ავტო-დილერების წარმომადგენლების ინფორმაციით, მათ ახალი ავტომობილების მწირი მარაგი აქვთ, რომელიც გაყიდვების იმ ტემპითაც კი, რომელიც ახლა არის, მხოლოდ რამდენიმე თვე ყოფნით. საუბარია პოპულარულ ბიუჯეტურ მოდელებზე.
ამ დროს კი საქართელოდან ჩრდილოელ მეზობელ ქვეყანაში ავტომობილების რეექსპორტი იზრდება. მხოლოდ მაისში აპრილთან შედარებით რაოდენობრივი ზრდა დაახლოებით, 105%-ს შეადგენს. კერძოდ, თუ აპრილში რუსეთში 167 ერთეული მსუბუქი ავტომობილი გავიდა, მაისში ეს რაოდენობა 342 ერთეულამდე გაიზარდა. მთლიანად კი, 2022 წლის იანვარ-მაისში რუსეთში ექსპორტზე 781 ერთეული მსუბუქი ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა, ჯამში 7,407 მლნ დოლარის ღირებულების.
რაც შეეხება მთლიანად რეექსპორტის მაჩვენებელს, საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის მაისში წინა წლის მაისთან შედარებით გაზრდილია. თუ შარშან მაისში ქვეყნიდან გავიდა 4 954 ერთეული მსუბუქი ავტომობილი (40,177 მლნ დოლარის ღირებულების), წელს მაისში ეს მაჩვენებელი 6 125 ერთეულამდე გაიზარდა (58,993 მლნ დოლარი).
მთლიანად წელს 5 თვეში საქართველოდან 191 მლნ დოლარის ღირებულების 21 544 ერთეული მსუბუქი ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა.