სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.2 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.93 პროცენტი შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი კი 6.87 პროცენტით განისაზღვრა.
„საქსტატის“ ცნობით, აპრილში წინა თვესთან შედარებით, ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 3 პროცენტით. ტანსაცმელისა და ფეხსაცმელის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 4.9 პროცენტიანი მატება, ავეჯის, საოჯახო ნივთების, სახლის მოვლის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2.1 პროცენტიანი მატება, სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში კი ფასები 0.3 პროცენტით გაიზარდა.
კერძოდ, საანგარიშო პერიოდში - ხილი და ყურძენი 5.3 პროცენტით, ზეთი და ცხიმი 4.2 პროცენტით, თევზეული 3.6 პროცენტით, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 2.4 პროცენტით, ხორცი და ხორცის პროდუქტები 1.9 პროცენტით, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები კი 1.1 პროცენტით არის გაძვირებული. ამასთან, ფასები 5.4 პროცენტით შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე.