წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 31 წლის ლევან ზურაბაშვილის შეჭრის შედეგად მძევლად აყვანილი ერთ-ერთი პირის ჩვენების მიხედვით, ბრალდებული აცხადებდა, რომ ხალხის გადასარჩენად ღმერთისგან იყო მოვლენილი.
ერთ-ერთი პირის ჩვენება, რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში სხვა მოქალაქეებთან ერთად იმყოფებოდა, „ინტერპრესნიუსმა“ მოიპოვა.
ამასთან, მძევალი ჰყვება, რომ ლევან ზურაბაშვილს იქ მყოფების მიმართ ფინანსური მოთხოვნა არ წამოუყენებია და არც არავის დამუქრებია.
ლევან ზურაბაშვილს, რომელიც წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა და 19 პირი მძევლად აიყვანა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა რამდენიმე დღის წინ შეეფარდა. ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი მისი 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.