ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად 7%-ზე დატოვა. ეროვნული ბანკის შეფასებით, გამკაცრებული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლის საჭიროება კვლავაც დგას, თუმცა ამ პროცესის გაგრძელება საგარეო რისკების სიძლიერეზე იქნება დამოკიდებული. შესაბამისად, კომიტეტმა ამ ეტაპზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შეცვლის გადაწყვეტილება არ მიიღო.
სებ-ის ინფორმაციით, არსებული პროგნოზებით, ინფლაცია წლის განმავლობაში მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ იმერყევებს. ამასთან, 2018 წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვნად გაიზარდა ეკონომიკური აქტივობა. პოზიტიური ტენდენციები შენარჩუნდა საგარეო სექტორშიც. კვლავ მაღალი ტემპით მატულობს საქონლის ექსპორტი; გრძელდება ფულადი გზავნილების დადებითი დინამიკაც. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2018 წლის 24 ოქტომბერს გაიმართება.