ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 7.25 პროცენტზე დატოვა. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მიიღეს.სებ-ის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ნომინალურ ეფექტურ გაცვლით კურსს გამყარების ტენდენცია აქვს.
ამასთან, 2017 წელს მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, ერთობლივი მოთხოვნა კვლავ პოტენციურ დონეზე ქვემოთ ნარჩუნდება, რაც ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით მოქმედებს. შესაბამისად, კომიტეტმა ამ ეტაპზე მონეტარული პოლიტიკის დამატებითი გამკაცრება საჭიროდ არ მიიჩნია. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2018 წლის 14 მარტს გაიმართება.