საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის 30 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შემცირების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.75 პროცენტს შეადგენს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2018 წლის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი, პროგნოზების შესაბამისად, მიზნობრივ დონესთან (3 პროცენტი) ახლოს ნარჩუნდებოდა. დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 1.5 პროცენტი შეადგინა. არსებული პროგნოზებით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ იმოძრავებს.