ეროვნული ლიგის მე-20 ტურში, ბათუმის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე თბილისის „დინამო“, ანგარიშით 4:1 დაამარცხა.
ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაში მასპინძლებმა თავიდანვე დიდი ძალებით შეუტიეს. აზაროვის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი ზურიკო დავითაშვილის დარტყმას ფლამარიონმა მიმართულება შეუცვალადა აჭარული გუნდი დააწინაურა. 25-ე წუთზე სანდრო ალთუნაშვილმა მოედნის ცენტრში სტუმართა გადაცემა ჩაჭრა, მეტოქის საჯარიმომდე იარა და მცველების გარემოცვაში მყოფმა რეიდი კარში ზუსტად დარტყმით დაასრულა - 2:0.
ტაიმის მიწურულს მასპინძლებმა მესამედაც გაიტანეს. ზურიკო დავითაშვილის მოწოდებული კუთხურის შემდეგ, საჰაერო ორთაბრძოლა ჯერ ოლაკსანდრ აზაცკიმ მოიგო, შემდეგ კი თავით ზუსტად ბენჟემინ ტეიდმა დაარტყა - 3:0.
შესვენებაზე დინამო ბათუმიდან ხვიჩა კვარაცხელია გააცილეს, რომელიც კარიერას სერია A-ს ნაპოლიში გააგრძელებს. საქართველოს ნაკრების 21 წლის ნახევარმცველმა გულშემატკივრებს ემოციურად მიმართა.
მეორე ტაიმი თბილისის „დინამომ“ აქტიურად დაიწყო, 59-ე წუთზე ბათუმელებმა ბურთი კარგად ვერ ამოიტანეს, მოედანზე შეცვლაზე შესულმა დავით სხირტლაძემ კი სტანისლავ ბილენკის გადაცემით ისარგებლა და სხვაობა შეამცირა - 3:1.
კომპენსირებულ დროში ზურიკო დავითაშვილმა მეოთხე გოლი გაუტანა პრიეტოს და ბათუმელებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.
ამ გამარჯვების შედეგად გეგუჩაძის გუნდმა უახლოესი მდევარი თბილისის „დინამო“ 9 ქულით ჩამოიტოვა და ევროთასებზე, „სლოვანთან“ დაპირისპირების წინ შესანიშნავი განწყობა შეიქმნა.ქუთაისის „ტორპედომ“ გორის „დილა“ 4:1 დაამარცხა.
ქუთაისის „ტორპედომ“ გორის „დილას“ უმასპინძლა, წარუმატებელი სერია შეწყვიტა და 4:1 გაიმარჯვა.
მასპინძელთა მხრიდან ყველაზე გამორჩეული ახვლედიანი იყო, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა, თუმცა გორელთა დამარცხებას სათავე არაბიძემ დაუდო, რომელმაც მე-18 წუთში საკმაოდ ეფექტური გოლი გაიტანა. „დილას“ მხრიდან ერთადერთი გოლი ლეგიონერმა ჰაჯი დრამემ გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, ქუთაისურ კლუბს 24 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციას იკავებს. შემდეგ ტურში „ტორპედო“ „საბურთალოს“ ესტუმრება. რაც შეეხება „დილას“, გორელები 34 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფებიან და მომდევნო ტურში ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებენ.
უხვგოლიანი გამოდგა „საბურთალოსა“ და „გაგრას“ დაპირისპირება. გუნდებმა ერთმანეთს 3-3 გოლი გაუტანეს და თითო ქულა გაიყვეს. პირველ ნახევარში სტუმრები სიხარულიძემ დააწინაურა, ხოლო ტაიმის მიწურულს ქობულაძემ წონასწორობა აღადგინა.
გაცილებით საინტერესო გამოდგა მეორე ტაიმი. 48-ე წუთზე ნონიკაშვილმა თბილისური კლუბი დააწინაურა, ხოლო ზუსტად 10 წუთში გულიაშვილმა სხვაობა გაზარდა. მასპინძლები წაგებას არ ეგუებოდნენ და ზეწოლა გააძლიერეს.
87-ე წუთზე ლომინაძემ შონიას ზუსტი პასი გამოიყენა და სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა. 90-ე წუთზე კი ბუხაიძემ გაისროლა და საბოლოო შედეგი 3:3 დააფიქსირა. ამ მატჩის შემდეგ, „გაგრა“ 19 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა და შემდეგ ტურში „ლოკომოტივს“ სტუმრად დაუპირისპირდება. „საბურთალო“ კი 30 ქულით მე-5 ადგილზე მოგვევლინა. თბილისელები 21-ე ტურში ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებენ.