საქართველოს ეროვნული ლიგის მე-18 ტურში მორიგი მატჩები გაიმართა. თბილისის „დინამომ“ „გაგრა“ ანგარიშით 5:0 დაამარცხა. „დინამომ“ ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით პირველი მატჩი ჩაატარა, თავიდანვე შეუტია და დაწინაურდა კიდეც - ბარნსის ჩაწოდებულ ბურთს კამარამ ლამაზი თავურით ქურდაძის კარში მიუჩინა ადგილი. გვინეელმა შესანიშნავი გოლის შემდეგ პენალტი მოიპოვა და ერთი საგოლე პასიც მიითვალა. საბოლოო ჯამში შეხვედრა "დინამოს" სრული უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ მათი გამარჯვებით 5:0 დასრულდა.თბილისის „დინამო“ ამ მომენტისთვის 35 ქულით მეორე ადგილზეა და 25 ივნისს „ტორპედოს“ უმასპინძლებს.
ბოლნისში ბოლოსწინა ადგილზე მყოფმა "სიონმა" ბოლოადგილოსან "ლოკომოტივს" უმასპინძლა. რკინიგზელებმა მიმდინარე ჩემპიონატში პირველი გამარჯვება წინა ტურში იზეიმეს, შესაბამისად ალექსანდრე ინწკირველის გუნდი ბოლნისში კარგი განწყობით ჩავიდა.მასპინძლებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და ამ აქტიურობამ შედეგი ტაიმის შუაში მოიტანა, როდესაც ორწუთიან მონაკვეთში ორი გოლი გაიტანეს მეტოქის კარში. "ლოკომოტივმა" მალე მოახერხა ერთი გოლის გაქვითვა და ტაიმიც მინიმალურად წააგო.მეორე ტაიმში ძმებმა ხორხელებმა ორი გოლის გატანა მოახერხეს, რითაც, ფაქტობრივად, გადაწყვიტეს შეხვედრის ბედი. აღსანიშნავია, რომ სიონმა ბოლო 4-დან მე-3 მატჩი მოიგო.
წყალტუბოს "სამგურალის" 11-მატჩიანი წაუგებელი სერია დასრულდა. გუნდის შთამბეჭდავი სვლა გორის "დილამ" შეწყვიტა. მატჩის პირველი ტაიმი უხვი მომენტებით არ გამოირჩეოდა. გორელებმა, ფაქტობრივად, პირველივე სახიფათო მომენტი გოლად აქციეს - კუთხურიდან ვაგნერ გონსალვესის ჩაწოდებულ ბურთზე საჯარიმოში ყველას თორნიკე კაპანაძემ დაასწრო და ეფექტური დარტმით გადაგზავნა ბურეთი ლევან შოვნაძის კარში.საგოლე მომენტების სიუხვით არც მეორე ტაიმი გამოირჩეოდა. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ კაპანაძის გოლი შეხვედრაში ერთადერთი გამოდგა.გორის „დილა“ ამ მოგების შემდეგ, "სამგურალს" ქულებით გაუთანაბრდა.