საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, პაპუნა ლეჟავას განცხადებით, მოსალოდნელი არაა, რომ ბანკებმა მსესხებლებს სესხების დაფარვის საყოველთაო გადავადება მესამედაც შესთავაზონ.
"პალიტრანიუსის" კითხვაზე, განიხილება თუ არა ბანკების მხრიდან მოქალაქეებისთვის სესხების დაფარვის საშეღავათო პერიოდის კიდევ ერთხელ შეთავაზება, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ "მსგავსი ტიპის მესამე გადავადების ტალღა არ მოხდება". თუმცა, მისივე თქმით, საბანკო სექტორი მზადაა იმისთვის, რომ მსესხებლებს ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე შესთავაზონ საშეღავათო პერიოდი.
შეგახსენებთ, საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა მსესხებლებს სესხების დაფარვის 3 თვით გადავადება პირველად მარტში შესთავაზეს. ამასთან, მაისში საშეღავათო პერიოდი მსესხებლების ნაწილს კიდევ 3 თვით გაუხანგრძლივდა. კერძოდ, გადავადება ავტომატურად შეეხო იმ მოქალაქეებს, ვინც სამსახურის დაკარგვის გამო სახელმწიფოს ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მიიღეს დახმარება და ასევე სურვილის შემთხვევაში, შეთავაზება ეხებოდა მათაც, ვისაც შემოსავალი შეუმცირდა.