ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად 6.5 პროცენტზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მაისში წლიურმა ინფლაციამ 4.7 პროცენტი შეადგინა, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი ერთჯერადმა ფაქტორებმა შეიტანა. არსებული პროგნოზების მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია ერთჯერადი ფაქტორების ამოწურვის შემდგომ, მომავალი წლის დასაწყისიდან შემცირებას დაიწყებს და მიზნობრივ დონეს დაუახლოვდება. ამასთან, წინასწარი ინდიკატორები საქონლისა და მომსახურების ექსპორტის მაღალ ზრდაზე მიუთითებს. სწრაფი ზრდა აქვს ასევე ფულადი გზავნილებით შემოდინებებსაც. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განაკვეთის უცვლელად დატოვება მიზანშეწონილად მიიჩნია.ცნობისთვის, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2019 წლის 24 ივლისს გაიმართება.