სომხეთის დედაქალაქი ერევანი ოთხშაბათს საღამოს ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, რის შედეგადაც მეტრომ მუშაობა შეაჩერა. რამდენიმე მატარებელი კი გვირაბში გაჩერდა, რის გამოც მგზავრების ევაკუაცია გახდა საჭირო. ქალაქი ელექტროენერგიის გარეშე რამდენიმე საათის განმავლობაში იყო. შემდეგ კი დენის მიწოდება ეტაპობრივად აღდგა. ამჟამად მეტრო ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს. სრული გათიშვა რეგიონებს არ შეხებია. სომხეთის მთავრობის პრესსპიკერის განცხადებით, ინციდენტი ერევნის თბოელექტროსადგურზე მომხდარმა შეფერხებამ გამოიწვია.