თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ აშშ-ის შეუძლია დაუწესოს ანკარას სანქციები, თუმცა, მას არ ჰგონია რომ ამას დონალდ ტრამპიც დათანხმდება.
"ამჟამად არ მგონია რომ ტრამპი იმავე აზრზეა, რაზეც ოფიციალური ვაშინგტონი და ეს მან მედიის წინაშეც თქვა. რადგან ეს საკითხი დღის წესრიგში დგას, ტრამპმა შუალედი უნდა დაიჭიროს", - განაცხადა ერდოღანმა.
ვაშინგტონში თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც ანკარამ რუსეთისგან ს-400 თავდაცვის სისტემა იყიდა. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ აღნიშნა, კანონი მოითხოვს რომ დაწესდეს სანქციები, ამიტომაც ის დარწმუნებულია რომ აშშ და პრეზიდენტი ტრამპი კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.
ამერიკამ არაერთგზის გააფრთხილა თურქეთი, რომ ეკონომიკურ სანქციებთან მოუწევს გამკლავება, თუკი რუსეთისგან აღნიშნულ სისტემას შეიძენდა. თუმცა, ერდოღანის განცხადებით, აღნიშნული სისტემა ანკარას ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის სჭირდება და არა ომის დასაწყებად.