თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიფ ერდოღანის თქმით, ანკარა სირიის იდლიბის რეგიონში სამხედრო ოპერაციას განახორციელებს და მისი დაწყება "დროის ამბავია".
"როგორც ყველა ოპერაციის დროს, ჩვენ ვამბობთ, რომ ერთ ღამითაც მოულოდნელად მოვალთ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს მხოლოდ დროის ამბავია. თურქეთი იდლიბს ასადის და მისი მხარდამჭერების ამარა არ დატოვებს",- განაცხადა ერდოღანმა სამართლიანობისა და განვითარების პარტიასთან საუბრისას. მისივე თქმით, თურქეთმა ყველანაირი მოსამზადებელი სამუშაოები გაიარა, რომ საკუთარი ოპერაციები განახორციელოს იდლიბში.
"ჩვენ უკუთვლა უკვე დავიწყეთ. მხოლოდ რამდენიმე დღეა დარჩენილი, რომ რეჟიმმა შეწყვიტოს აგრესია და უკან დაიხიოს, როგორც ეს სოჭის ხელშეკრულებებითაა გათვალისწინებული. ეს ჩვენი უკანასკნელი გაფრთხილებაა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა რუსეთთან გამართულ მოლაპარაკებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "რეალობაა, რომ მხარეები შეთანხმებისგან შორს არიან". შეგახსენებთ, სირიის ასადის რეჟიმი რუსეთის დახმარებით ქვეყნის ჩრდილოეთით ინტენსიურ შეტევებს ახორციელებენ. მედიის ინფორმაციით, მათ უკვე დაამყარეს იდლიბზე კონტროლი, ხოლო ამჟამად ბრძოლები ალეპოსა და იდლიბის მიმდებარე ტერიტორიებზე გრძელდება.