ბაღდადსა და ერაყის სხვა ქალაქებში განახლებული ანტი-სამთავრობო საპროტესტო აქციების დროს პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები მოხდა. დაღუპულია აქციის 4 მონაწილე და 2 პოლიციელი, რამდენიმე ადამიანი კი დაჭრილია, - ამ ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, პოლიციამ ალ-ტაიარანის მოედანზე მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნა, ორი ადამიანი ტყვიით, ერთი კი ცრემლსადენი გაზის კასრის დარტყმისგან მიღებული ტრავმისგან გარდაიცვალა. მეოთხე დემონსტრანტი კი პოლიციის ტყვიას ქალაქ კერბალაში ემსხვერპლა. აქციის მონაწილეებმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ცენტრალური გზები გადაკეტეს. ისინი აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრმა ადელ აბდულ მაჰდიმ დანაპირები არ შეასრულა და ერაყელებისთვის მისაღები ახალი მთავრობა არ წარადგინა.
შეგახსენებთ, მასობრივი ანტი-სამთავრობო საპროტესტო აქციები ერაყში 1 ოქტომბრიდან დაიწყო. აქციებს დღემდე 450-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.