ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ეპიდსიტუაციის გამწვავების ფონზე ინდოეთმა 18 წელს ზემოთ მოსახლეობის ვაქცინაციის გადაწყვეტილება მიიღო.
BBC-ის ინფორმაციით, 1 მაისიდან ვაქცინაციის გაკეთება ნებისმიერ ზრდასრულ მოქალაქეს შეეძლება. გამოცემა წერს, რომ ინდოეთის ზოგიერთ შტატში ვაქცინების დეფიციტია და საყოველთაო ვაქცინაცია, შესაძლოა, შეფერხდეს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ინდოეთში კორონავირუსის 259 170 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა რიცხვმა 15.5 მილიონს გადააჭარბა.
ამასთან, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 1 761 ადამიანი ემსხვერპლა, რაც პანდემიის დაწყების დღიდან ქვეყანაში ყველაზე მაღალი ფატალური შემთხვევაა.
ინდოეთის დედაქალაქ დელიში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ერთი კვირით გახანგრძლივდა. მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში დელიში კარანტინის რეჟიმი კვლავ ძალაში იქნება, რომელიც მოსახლეობას 22:00-დან 05:00 საათამდე ქუჩაში გამოსვლას უკრძალავს.
ამას გარდა, ქვეყანაში სავაჭრო ცენტრები, კინოთეატრები, რესტორნები, სპორტული დაბაზები და პარკები დახურულია.