ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა ქვეყანაში მყოფ უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მიმართ, ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის პირობებს და წესებს დაადგენს. ასეთი საკანონმდებლო ნორმა “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში აისახება, რომელიც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა.
მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა კომიტეტს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ გააცნო.
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების, შეკავებისა და მისი გავრცელების პრევენციული ზომების შემოღების მიზნით, ჯერ კიდევ შარშან მიზანშეწონილად ჩაითვალა, საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელი და მოქალაქეობის არმქონე სტუდენტის შემოსვლისა და ყოფნისათვის საქართველოს მთავრობის მიერ შემოღებულიყო ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის პირობები და წესები.