ამერიკულმა IT-კომპანია EPAM-მა საქართველოში დასაქმებაზე ვაკანსიები უკვე გამოაცხადა. კომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ზოგიერთ ვაკანსიაზე პირის რელოკაციაც განიხილება. ამ ეტაპზე კომპანიას გამოცხადებული აქვს 14 ვაკანსია, მათ შორის, ვებ-დეველოპერის, Java ინჟინერის, კომპანიის სისტემების შექმნელის, კომპიუტერული სისტემების განვითარების სპეციალისტის და სხვა პოზიციებზე.
EPAM-მა საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით განცხადება ორიოდე კვირის წინ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გაახმოვანა. მაშინ მინისტრმა განაცხადა, რომ კომპანიამ უკვე ჩამოიყვანა 30-მდე თანამშრომელი და საქართველოში თავისი ოფისის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.
ცნობისათვის, პროგრამული უზრუნველყოფის საინჟინრო მომსახურების გლობალური კომპანია EPAM-ი 1993 წელს მინსკში, ორმა თანაკლასელმა ადააფუძნა. პირველი ოფისი მათ ამერიკასა და ბელარუსში გახსნეს. მოგვიანებით ამ სიას შეემატა როგორც ევროპის, ასევე აზიის ქვეყნები. კომპანიაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით 36,400-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.