აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემია ჯერ არ დასრულებულა.
"კორონავირუსი ჩემი ცხოვრების ყველაზე ცუდი ღამის კოშმარია. ოთხი თვის განმავლობაში მან მთელი მსოფლიო გაანადგურა. მილიონობით ადამიანი დაინფიცირდა და ეს ძალიან, ძალიან მცირე დროში მოხდა", - განაცხადა ფაუჩიმ.
მისივე თქმით, ვირუსის ასეთ სწრაფ გავრცელებას არავინ ელოდა.
"ყველასთვის მოულოდნელი იყო ვირუსის გავრცელების სისწრაფე. მან მთელი პლანეტა მოიცვა და ჯერ არ დასრულებულა", - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.
შეგახსენებთ, "ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის" მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, პანდემიამ აშშ-ში 114 100, მთელს მსოფლიოში კი - 413 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დაინფიცირებულთა რაოდენობამ კი მსოფლიოში 7.3 მილიონს გადააჭარბა.