აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ენტონი ფაუჩი, აცხადებს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო სარეკლამო რგოლში მონაწილეობას არ დათანხმებია და მისი კომენტარები კონტექსტიდან ამოგლეჯილია.
კლიპში საუბარია იმაზე, თუ როგორ ცდილობდა დონალდ ტრამპი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულიყო და ასევე იმაზე, თუ როგორ მუშაობდა მისი ადმინისტრაცია პანდემიასთან გასამკლავებლად. ამ ფონზე კი ენტონი ფაუჩი საუბრობს პრეზიდენტზე და კორონავირუსის წინააღმდეგ მის ძალისხმევას მიესალმება.
„წარმოდგენაც არ შემიძლია, რომ ვინმეს მეტის გაკეთება შეეძლო,“- აღნიშნავს აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი.
თუმცა, ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ ეს კომენტარი მან რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში არა პრეზიდენტის, არამედ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფედერალური წარმომადგენლების ძალისხმევის შესახებ გააკეთა.