თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ავტორიტეტულ რეჟისორად მიჩნეულმა, უამრავი პრესტიჟული პრემიის, მათ შორის „ოსკარის“ მფლობელმა ვუდი ალენმა, რომელიც კინოკარიერის გაკეთებამდე წარმატებული კომიკოსი და ჯაზ-კლარნეტისტი იყო, არა მხოლოდ თავისი ფილმებით, არამედ მრავალრიცხოვანი პიესებითა და ესეებითაც გაითქვა სახელი.
„ენი ჰოლი“ რომანტიკული კომედია, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ აღნიშნა 45 წლის იუბილე, 2000 წელს ამერიკული კინოხელოვნების ინსტიტუტმა 100 ყველაზე სასაცილო ფილმის ნუსხაში შეიტანა.
მართალია, „ენი ჰოლის“ გარდა ჩამონათვალში ვუდი ალენის კიდევ 4 ნამუშევარი მოხვდა, მაგრამ სწორედ 1977 წელს გამოსული ფილმით აღინიშნა მარტივი კომედიური ჟანრიდან ბევრად მოწიფულ, სერიოზულ და შესაძლოა ბიოგრაფიულ კინოზე გადასვლა.
მართალია, ე.წ. მეოთხე კედლის ნგრევის, ანუ მაყურებელთან დიალოგის გამართვის მეთოდი მანამდე ნაკლებად გამოიყენებოდა მელოდრამის ჟანრში, მაგრამ 1960-იანი წლების ევროპული კინოთი, განსაკუთრებით ბერგმანის შემოქმედებით შთაგონებულმა ალენმა სწორედ ამგვარ მეთოდს მიმართა პუბლიკის ნდობის და კეთილგანწყობის მოსაპოვებლად.ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ელვი სინგერის ტრაგიკომიკური მონოლოგი ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე მთავარი პერსონაჟის ტრადიციული ტექსტი კადრსმიღმა.