ენგურის მოსალოდნელი შეჩერება მიმდინარე წელს დამატებით 0.6 ტერავატ საათამდე ელექტროენერგიის დეფიციტს შექმნის. ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ენერგეტიკის სექტორის მიმოხილვაშია აღნიშნული.
შეგახსენებთ, რომ „ენგურჰესის“ რებილიტაცია სავარაუდოდ, 15-20 იანვრიდან დაიწყება. შესაბამისად, სწორედ იმ პერიოდიდან მოხდება ჰესის სრულად გაჩერება. რეაბილიტაცია 95-100 დღე გაგრძელდება, ფუნქციონირების განახლების ბოლო ვადა კი 10 მაისია.
ცნობისათვის, "ენგურჰესის" გვირაბის რეაბილიტაცია სამჯერ გადაიდო. თავდაპირველად სამუშაოები - 2018 წელს, შემდეგ კი 2019 წელს, ბოლოს კი 2020 წლის მარტიდან უნდა დაწყებულიყო. თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო სამჯერვე გადაიდო.
"ენგურჰესი" საქართველოში ელექტროენერგიის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია და მისი გამომუშავება, მთლიანი გენერაციის დაახლოებით, 30%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ „ენგურჰესიდან“ მარაგდება დე ფაქტო აფხაზეთი. ზამთრის პერიოდში, ენგურისა და ვარდნილის გამომუშავებული ენერგიიდან, თითქმის 90-100% აფხაზეთის დენით მომარაგებას ხმარდება.