"ენგურჰესის" წყალსაცავში წლის დონის კლების გამო, აფხაზეთს ელექტროენერგია უკვე რამდენიმე დღეა გრაფიკით მიეწოდება“ - ამის შესახებ „ენგურჰესის“ დირექტორმა განაცხადა.
მისი თქმით, შეზღუდვა 27 იანვრიდან მოქმედებს და აფხაზეთს დილის და საღამოს საათებში ელექტროენერგიის მიწოდება 2-2 საათით ეზღუდება. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მსგავსი შეზღუდვა წყალდიდობამდე ანუ აპრილის დასაწყისამდე გაგრძელდება. მეტიც, მისი განცხადებით, თუ აფხაზეთი ელექტროენერგიას რუსეთიდან არ მიიღებს, შეზღუდვა, შესაძლოა, დღეში 4 საათიდან 8 საათამდეც გაიზარდოს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე წელია, მცირეწყლიანი სეზონისა და აფხაზეთში ელექტროენერგიის მაღალი მოხმარების გამო, ზამთრის პერიოდში რეგიონს დენი გრაფიკით მიეწოდება.
აღსანიშნავია, რომ ენგურისა და ვარდნილის გამომუშავებული ენერგიიდან, განსაკუთრებით ზამთარში, თითქმის 90-100% აფხაზეთის დენით მომარაგებას ხმარდება. 2019 წელს ენგურჰესისა და ვარდნილჰესის მიერ გამომუშავდა 4 მილიარდ 27 მილიონ 600 ათასი კილოვატი საათი ელექტროენერგია, აქედან, 2 მილიარდ 59 მილიონ 900 ათასი კილოვატ საათი ელექტროენერგია აფხაზეთმა წაიღო. გასული წლის მხოლოდ ნოემბერ-დეკემბერში კი ენგურისა და ვარდნილის მიერ გამომუშავებული 452 მილიონ 537 ათასი კილოვატ საათი ელექტროენერგიიდან, აფხაზეთისთვის მიწოდებამ - 448 მილიონ 164 ათასი კილოვატ საათი შეადგინა.