არაბეთის გაერთიანებული ემირატები (UAE) იმედოვნებენ, რომ 2021 წელს ნავთობზე მოთხოვნა გაიზრდება, მაგრამ ეს სწრაფად არ მოხდება და დროში გაიწელება.
ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრს ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს რამდენიმე ფაქტორი აძლევს. მინისტრი ნავთობზე მოთხოვნის ზრდის ძირითად ფაქტორებად, კორონავირუსთან ბრძოლაში ვაქცინაციის ჩართვას და შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობის გაუჯობესებას ასახელებს.
მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღმოჩენილია კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც შესაძლოა, უფრო სწრაფად ვრცელდება, ნავთობის ფასმა კვლავ კლება დაიწყო. ოქტომბრის შემდეგ პირველად, მასზე ფასის კვირეული კლება დაფიქსირდა.
ვირუსის ახალი ვარიანტი პირველად ბრიტანეთში დაფიქსირდა, რასაც ქვეყანაში შესაძლოა ლოკდაუნის ახალი ეტაპი მოჰყვეს. ეს კი ნავთობზე მოთხოვნის კლებას გამოიწვევს. თუმცა ემირატებს ეს არ აშფოთებს. მინისტრი ამბობს, რომ წამალი ვირუსის ახალი ვერსიისთვისაც შეიქმნება.