საქართველოში 2021 წელს ემიგრაცია ერთ-ერთ მაღალ ნიშნულზე იყო.
კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 99 974 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 34.6 პროცენტით მეტია. აღსანიშნავია, რომ 2012 წლიდან მოყოლებული ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ნიშნულია, ამაზე მეტმა - 105 107 ადამიანმა ქვეყანა 2019 წელს დატოვა.
ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს ემიგრაციაში წასული 99 974 კაციდან, 80 351 - საქართველოს მოქალაქე იყო, 19 568 - სხვა ქვეყნის მოქალაქე, ხოლო 55 პირის შემთხვევაში - მოქალაქეობა არ არის მითითებული.
რაც შეეხება იმიგრაციას, საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს იმიგრანტების რიცხოვნობა 17.8 პროცენტით შემცირდა და 74 008 კაცი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ იმიგრანტების 82.5 პროცენტი და ემიგრანტების 88.6 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ.