ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ინფორმაციით თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმის განხილვა ევროპულმა სასამართლომ დაჩქარებული წესით დაიწყო და ამ ეტაპზე დავა მთავრობასთან კომუნიკაციის ბოლო ფაზაშია შესული.
მათივე ცნობით, 2019 წლის 23 ოქტომბერს ევროპულმა სასამართლომ დაიწყო კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან და მთავრობის პოზიციაში წარმოდგენილია აშკარა ფაქტობრივი უზუსტობები თემირლანის უკანონო კავშირებთან დაკავშირებით. თემირლან მაჩალიკაშვილის მამის მალხაზ მაჩალიკაშვილის განმარტებით მას იმედი აქვს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. ის იმ ადამიანების დასჯას ითხოვს, რომლებიც პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ.