საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ლა-მანშის სრუტეში მიგრანტების ნავების ჩაძირვას ეხმაურება და აცხადებს, რომ საფრანგეთი არ დაუშვებს ინგლისის არხი სასაფლაოდ იქცეს.
„საფრანგეთი არ დაუშვებს, რომ ინგლისის არხი სასაფლაოდ იქცეს და კონტრაბანდისტების ქსელებმა საფრთხე შეუქმნან ადამიანების სიცოცხლეს. ევროპა დღეს გლოვობს“, - განაცხადა მან.
მაკრონის თქმით, ის გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებასთან ერთად კრიზისის დაძლევაზე მუშაობს. შეგახსენებთ, 24 ნოემბერს საფრანგეთის სანაპიროსთან ნავის ჩაძირვას სულ მცირე 31 ადამიანი ემსხვერპლა.
მედიის ცნობით, ნავი, რომლითაც მიგრანტებს დიდ ბრიტანეთამდე სურდათ მიღწევა, მოულოდნელად ამოტრიალდა. მხოლოდ მიმდინარე წელს საფრანეთიდან გაერთიანებულ სამეფოში გადასვლა 30 000-ზე მეტმა მიგრანტმა ლა-მანშის სრუტის გადაცურვით სცადა.