საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად ქვეყანაში ახალი, 15-დღიანი შეზღუდვები დააწესა და მოსახლეობას სახლში დარჩენისა და შინიდან მუშაობისკენ მოუწოდა.
"ომში ვართ, რა თქმა უნდა, სამედიცინო ომში. ჩვენ არ ვებრძვით არმიას ან სხვა ერს, მაგრამ მტერი აქვეა, უხილავი, მოუხელთებელი, განვითარებადი. საჭიროა საყოველთაო მობილიზაცია", - განაცხადა მაკრონმა სატელევიზიო მიმართვაში და ის ადამიანები გააკრიტიკა, რომლებმაც გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვები არასერიოზულად მიიღეს. მისი თქმით, საფრანგეთი ევროკავშირის ქვეყნებთან საზღვრებს სამშაბათიდან 30 დღით ჩაკეტავს. გარდა ამისა, ქვეყანაში 22 მარტისთვის დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნები გადაიდება.
ემანუელ მაკრონმა ახალი შეზღუდვები მას შემდეგ გაჟღერა, რაც "საფრანგეთის საზოგადოებრივმა ჯანდაცვამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით დაინფიცირების 1 210 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 21-ით გაიზარდა.